ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ქართველი მორაგბეებიც იზრუნებენ

საფრანგეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრებია დაგეგმილი, გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მემორანდუმის ფარგლებში ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის მიზნით რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება.
უწყების ცნობით, საფრანგეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრებია დაგეგმილი, გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია–დეგუსტაციები, მოეწყობა ქართული სპორტის უძველესი ისტორიის და ტრადიციების წარდგენა, ჩატარდება კონცერტი.

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომაც მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის თანმდევი გახდება, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ტყემალაძემ.
როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, საქართველო ღვინის სამშობლოა. შესაბამისად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. რაგბიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოხატავს ქართველების მებრძოლ სულსა და ხასიათს.
„გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს ორივე მიმართულებას. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება საუკეთესო პლატფორმა ქართული ღვინის და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციისთვის. აქ უდიდესი აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ ხმამაღლა ითქმება, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ქართული ღვინო RAW WINE-ის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა>>
რაგბის კავშირის გენერალური დირექტორის იოსებ ტყემალაძის თქმით, მსოფლიოში რაგბის გულშემატკივრების რაოდენობა დაახლოებით 1,2 მილიარდია.
„ჩვენი გამარჯვებით ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა, (მსოფლიო რეიტინგში) ვართ მეთერთმეტე და გვაქვს კიდევ უფრო დიდი ამბიცია. ჩვენი ამ მაღალი ნდობით გვინდა ქართული პროდუქტები, პირველ რიგში ქართული ღვინო, შევთავაზოთ მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ტყემალაძემ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა ყოფილი მორაგბისა და პოლიტიკოსის ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის „ლელობურთის“ პრემიერა. ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ თამაშ „ლელოში“ რაგბის ფესვებს და დიდ ბრიტანეთში „ლელოს“ მსგავსი თამაშის ტრადიციასთან მის კავშირს იკვლევს.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, რაგბის კავშირის და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.