თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. კიევი კი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ გააკეთოს“, — მიაჩნია პესკოვს.
მისი თქმით, მოსკოვმა იცის, რომ „ხშირად სამიზნეებსაც კი არა კიევი, არამედ ვაშინგტონი განსაზღვრავს“, რის შემდეგაც შეერთებული შტატები უკრაინელ სამხედროებს თავდასხმის ობიექტს უთითებს და მათგან თავდასხმის განხორციელებას მოითხოვს.
„ამასთან კიევს ყოველთვის არ ეძლევა უფლება, აირჩიოს საშუალება. ესეც ხშირად ოკეანის გაღმიდანაა ნაკარნახევი. ჩვენ ეს კარგად ვიცით. <...> ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ეს ვიცით“, — განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.