თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროპისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„დღეს ჩვენ ველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს იქნება ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში
„ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.