თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, დედაქალაქში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდი კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. მისი ინფორმაციით, ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდის სკანირებით 2023 წლის 22 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
„ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანირებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B.
მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს (ნებართვა მერიის სპეციალურ ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან წლის განმავლობაში უნდა გააქტიურდეს). დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.