მეგობრის მკვლელი ციხეში 12 წელს გაატარებს

ბრალდებულმა თავისი მეგობარი მოკლა - მან მსხვერპლს დანა ექვსჯერ ჩაარტყა
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის საქმე განიხილებოდა. ბრალდებულმა თავისი მეგობარი მოკლა. მან მსხვერპლს დანა ექვსჯერ დაარტყა.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. 2022 წლის 18 აგვისტოს მათ რესტორანში იჩხუბეს, რა დროსაც დაზარალებულმა სახის არეში ხელი დაარტყა ბრალდებულს, რის გამოც მან შურისძიება გადაწყვიტა.
მეორე დღეს დანით შეიარაღებული ბრალდებული მსხვერპლს სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა. რამდენიმე საათში დაზარალებული შინ დაბრუნდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გაიქცა, თუმცა ბრალდებული დაედევნა და დანა რამდენჯერმე კვლავ დაარტყა. დაზარალებული, რომელსაც ექვსი ჭრილობა აღენიშნებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურამ ნაფიც მსაჯულებს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა.
ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.
წყარო - გენერალური პროკურატურა