თბილისი, 2 მაისი — Sputnik. პოლონეთმა შესაძლოა, გერმანიის მსგავსად, რუსეთსაც მოსთხოვოს მეორე მსოფლიო ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, განაცხადაFinancial Times-თან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარჩინ პჟიდაჩმა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია დიალოგის დაწყება ბერლინთან, მაგრამ არა პუტინთან — ეს სხვა ცივილიზაციაა. როგორც კი გერმანიასთან წარმატებას მივაღწევთ, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს სხვა მჩაგვრელთან ასეთივე დისკუსიის დაწყება“, — განაცხადა მან კითხვაზე, რატომ არ ითხოვს ვარშავა მოსკოვისგან რეპარაციებს.
მანამდე, 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია რეპარაციების გადახდის შესახებ, რომლითაც მოუწოდა გერმანიის მთავრობას, „უპირობოდ აიღოს პოლიტიკური, ისტორიული, სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა პოლონეთისა და მისი მოქალაქეებისთვის მესამე რაიხის მიერ გაჩაღებული მეორე მსოფლიო ომით მიყენებული ყველა ზიანისათვის“. ოქტომბრის დასაწყისში პოლონეთმა გერმანიას რეპარაციების შესახებ ნოტა გაუგზავნა და ბერლინისგან 6,2 ტრილიონი ზლოტის (დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარი) გადახდა მოითხოვა, თუმცა გერმანიამ უარი განაცხადა რეპარაციებზე.
ამის პარალელურად, პოლონელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ წამოაყენეს წინადადება, რომ რუსეთისთვისაც მოეთხოვად თანხის გადახდა. ამ იდეას ჯერ კიდევ სექტემბერში დაუჭირა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ხოლო ოქტომბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსკოვისგან მის ანაზღაურებას მოითხოვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინიციატივებს არაადეკვატური უწოდა და პოლიტიკურ ფანტაზიებად შეაფასა. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, პოლონეთი საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრას „ისტორიული რევიზიონიზმით“ ცდილობს. კრემლში ვარშავის განცხადებები გააფთრებულ რუსოფობიად და „არაჯანსაღ პოლიტიკურ ექსტრემიზმად“ მიაჩნიათ.