თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" გამოცემა The Jerusalem Post-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში გაფრენას ყალბი დოკუმენტებით აპირებდნენ. კერძოდ, აეროპორტში რეგისტრაციის გავლის დროს აღნიშნულმა პირებმა ელექტრონულ ბაზაში ისრაელის პასპორტების მონაცემები შეიყვანეს.
როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, არცერთ მათგანს ისრაელის მიერ გაცემული პასპორტი არ ჰქონდა. ამასთან, დადგინდა, რომ პასპორტის მონაცემები ეკუთვნოდა ისრაელის ოთხ მოქალაქეს, რომელთაგან ორი გარდაცვლილია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.