თბილისი, 2 მაისი - Sputnik. თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახმეტა–თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლების ნაწილზე გადის და ერთმანეთთან აკავშირებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.
უწყების ცნობით, გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას. კერძოდ, რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალურად მონიშვნის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანიდან იწყება, გაივლის სოფელ სანიორეს მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება სოფელ ნაფარეულთან.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11,7 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.