ეს საქართველოსთვის ჰარაკირი იქნებოდა – კალაძე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდებოდა.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციები დიდ ზარალს საქართველოს მიაყენებდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, არ გვინდოდა დაგვეზიანებინა საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ. პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ჰარაკირი“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იგივე ეხება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხს. მისი თქმით, საქართველომ უკვე გამოიარა ეს და გადაიხადა მძიმე საფასური.
„ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
კალაძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მეორე ფრონტის გახსნაზე უარის გამო არ მიანიჭეს>>
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.