მსოფლიო დღეს

აშშ-ს თავზე კიდევ ერთი იდუმალი აეროსტატი დაფრინავს

Sputnik
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატების თავზე კიდევ ერთი აეროსტატია დაფიქსირებული, რომლის წარმომავლობაც უცნობია, იუწყება NBC News სამ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ობიექტმა ჰავაის ნაწილს გადაუფრინა, თუმცა იმ რაიონებში არაფერია გასაიდუმლოებული ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
როგორც NBC News წერს, საჰაერო ბურთი გასული კვირის ბოლოს შენიშნეს ამერიკელმა სამხედროებმა და მასზე დაკვირვება დაიწყეს. მათი თქმით, აღნიშნული აეროსტატი არ გადასცემს სიგნალებს და ავიამიმოსვლებსა თუ ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროებას არ უქმნის.
„აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამ პარასკევს ირეაგირა ჰავაის მახლობლად ამოუცნობ რადიოლოკაციურ სიგნატურაზე. წყნარი ოკეანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სამი F-22 აუშვა ცაში სიტუაციის შესაფასებლად და სფერული ობიექტის ვიზუალური იდენტიფიკაციისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით ობიექტის მოძრაობას და მივედით დასკვნამდე, რომ ის არ წარმოადგენს საფრთხეს“, - ნათქვამია სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
ამასთან პენტაგონში დააზუსტეს, რომ აეროსტატს, რომელიც 10 კმ-ზე მაღლა მოძრაობს, არ გადაუფრენია სტრატეგიული თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის.
„არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მას მანევრირების უნარი აქვს ან უცხოელი თუ რომელიმე დაპირისპირებული სუბიექტი მართავს. [აეროსტატი] არ წარმოადგენს სამხედრო თუ ფიზიკურ საშიშროებას ადამიანებისთვის“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. .
ამ დროისათვის აეროსტატი ნელა მიიწევს მექსიკისკენ.
შეგახსენებთ: ამ ზამთარს ამერიკულმა გამანადგურებლებმა ოთხი აეროსტატი ჩამოაგდეს აშშ-ის ტერიტორიაზე, რომელთაგან ერთი ჩინური წარმომავლობისა იყო. NBC News-ის ცნობით, საჰაერო ბურთი პეკინისთვის აგროვებდა ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების შესახებ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დანარჩენი სამი არ იყო დაკავშირებული ჩინეთის ჯაშუშური აეროსტატების პროგრამასთან.
წყარო: NBC News