თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი დაჭრეს, იუწყება „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ხაბულიანი საკუთარ სახლთან დაჭრეს. ის თავის არეში მიღებული დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა ის რამდენიმე წუთში გაწერეს და სახლში გაუშვეს.
მეზობლების თქმით, დილით სადარბაზოსთან მას თავს უცნობი პირები დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, შემდეგ სროლის ხმაც იყო.
რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დაშავებული ბიზნესმენი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრი დილარ ხაბულიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს" 2021 წლის დეკემბერში შეუერთდა.