თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას გეგმავდა 2 მლნ დოლარის სანაცვლოდ, რა დროსაც იგი დააკავეს.
„რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას", – ნათქვამია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველო იძიებს.