თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველო მონაწილეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai 2023, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
გამოფენაში მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და თბილისის მერია. გამოფენას ესწრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
„დარწმუნებული ვარ ეს გამოფენა იქნება მორიგი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ცნობადობა უფრო გაიზრდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ეს დადებითად აისახება რეგიონიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების ზრდაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა.
დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების უმსხვილეს ტურისტულ და ავიაკომპანიებთან.
„სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენენ და შესაბამისად წელს, ზაფხულში, ჩვენ ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით საქართველოში,“ - განაცხადა მაია ომიაძემ.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.