თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 1.196 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 785 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდიან საფრანგეთი – 149, საბერძნეთი – 57, შვეიცარია – 38, ნიდერლანდი – 35, ბელგია – 26, პოლონეთი – 20.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში დეპორტირებულთაგან ექვს პირს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა სამშობლოში დაბრუნებაზე.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.