ლგბტ-ს აკრძალვა და სუვერენიტეტის დაცვა - აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს

აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს შეშფოთება პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ხელისუფლებას თავისი მოთხოვნები წაუყენეს.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობის „აი უცნობის“ დამფუძნებლები, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ბედი უნდა წყდებოდეს თბილისში, და არა მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ კიევში. ისინი საქართველოს იმში ჩათრევის წინააღმდეგ გამოდიან.
აქციის ბოლოს მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი რვა მოთხოვნა გააჟღერეს:
1.
ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!
2.
ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ.
3.
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.
4.
ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის.
5.
ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და კატეგორიულად მოვითხოვთ, შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.
6.
დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.
7.
დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.
8.
ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა და ჩვენ ვიცით რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ“, - განაცხადა აქციის ბოლოს მისმა ორგანიზატორმა გია გაჩეჩილაძემ.
მან მოუწოდა ყველას, თავშიც აღარ გაივლონ ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი.