Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეცვალა

2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,8%-დან 5,8%-მდე გაზარდა, ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ეკონომიკის პროგნოზის ზრდის შესახებ ასევე განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც, რომელიც ეკონომიკის ზრდას 4,5%-მდე ელოდება.
ორგანიზაციის განცხადებით, ეკონომიკის პროგნოზი გაიზარდა 2023 წლის I კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები 2023 წელს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელის იმაზე მეტად სწრაფ შემცირებას ელოდებიან, ვიდრე წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი.
„მარტში ინფლაციის სწრაფი შემცირების გამო გადავხედეთ წლიური საშუალო ინფლაციის პროგნოზს და 4,7%-მდე შევამცირეთ. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოს დაუახლოვდება”, - ნათქვამია ანგარიშში.
2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა, ხოლო ინფლაციის დონემ - 5,3%.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა, ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა იქნება.