საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პარლამენტის დეპუტატს, ორ მერსა და ასევე საკრებულოების დეპუტატებს ირჩევს
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება.
კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეუძლია.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.
ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი.
იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.

ვის ირჩევს მოსახლეობა

დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს.
ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები ტარდება.
არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირეა: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატია წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან უწევს.
ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ არის: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე არიან წარმოდგენილი.

მედია და დამკვირვებლები

საარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 55 დამკვირვებელი დააკვირდება.
ასევე, არჩევნებს დააკვირდება 258 პარტიის და 457 22 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს 19 მედიასაშუალების 353 ჟურნალისტი გააშუქებს.