ომში ტიტანი ქართველები: 15 წლის მაჩაბლისა და უიარაღო ათაბაგის ბრძოლა გასაშტერებელი

ასე დაებედა ჩვენს ქვეყანას — მუდამ ბრძოლაში იყო ქართველი კაცი და ხშირად ორი-სამი მხრიდან მოსულ მტერს ერთდროულად უმკლავდებოდა. თანაც მუდამ რიცხობრივად განუზომლად აღმატებულ მომხდურთან გვიხდებოდა ჭიდილი.
Sputnik
და მაინც, ხშირად გამარჯვებული გამოვსულვართ.
მიუხედავად განვლილ-გადატანილი უდიდესი ისტორიული განსაცდელისა, ქართველობა და საქართველო გადარჩა. თუ როგორ — ამ სასწაულზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთი კია, მომხდურთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასალაშქრად მოდიოდა, რაგინდ მრავალნიც უნდა ყოფილიყვნენ, მაინც ეშინოდათ ქართველებისა.
მაგალითად გამოდგება ბრძოლის ველზე ვახტანგ გორგასლის, სვიმონ მეფისა თუ გიორგი სააკაძის გამოჩენა. საკმარისი იყო, გახურებულ ომში მათთვის მოეკრათ თვალი, რომ პანიკას მიცემულნი „დურ აზ გორგალისა“ („ერიდეთ მგელთავას!“) თუ „დელი სიმონის“ („გიჟი სიმონი“) ბღავილით უკანმოუხედავად გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან.
ცნობილი ფაქტია ისიც, რომ 1722 წელს ისპაჰანის ასაღებად დაძრული ავღანელები თითოეული ციხე-სიმაგრის დასაზვერად საგანგებო გზირებს გზავნიდნენ წინდაწინ, რათა გაეგოთ, იცავდნენ თუ არა მათ გურჯები — ვინაიდან, სადაც ქართველები იდგნენ, იმ სიმაგრეებს უფრთხოდნენ.
ავღანელთა მიერ დაბრიყვებული ქირმანის მოსახლეობა ამგვარად გამოხატავდა მადლიერებას ქართველთა მიმართ: „კურთხეულ არს ღმერთი, თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვის გამოგარჩივათ“.
რადგან ავღანელებზე ვსაუბრობთ, პაკისტანის არმიის გენერალ აიუბ-ხანის ყოფილი სამხედრო მრჩევლის, გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან მცირე ნაწყვეტს მოვიხმობთ:
„საკუთარი ქვეყნის მატიანეებსა და ისტორიაში ყოველი ერი ცდილობს თავისი თავის მომეტებულად წარმოჩენას. სხვა არის, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იგებს შენს ფასს... უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ერთი ანდაზა: „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“. რას ნიშნავს ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ჰყვება, მას შეუძახებენ ხოლმე ამ ანდაზას: მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყოო. ესე იგი, ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარო!“
დიახ, ასე ქუხდა შორეულ ავღანეთსა და პაკისტანში ქართველი კაცის სახელი. ისინი ზებუნებრივი ძალის მქონე მეომრებად წარმოედგინათ, რომელთათვისაც შეუძლებელი არ არსებობდა.
არადა, მართლაც ზღაპარს ჰგავს ის რეალური ისტორიები, რომლებსაც ქვემოთ მოგითხრობთ.
***
კრწანისის უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვებული სპარსელები ათი დღის განმავლობაში არბევდნენ და აოხრებდნენ ქართლ-კახეთის სატახტო ქალაქ თბილისს. აღა-მაჰმად ხანმა მეფე ერეკლეს მოსაძებნად და შესაპყრობად რვა ათასიანი კორპუსი გაგზავნა ნახჭევნის ხანის, ქალბ-ალის სარდლობით.
სპარსელთა ერთი ნაწილი ჯერ მცხეთაში შევიდა, იქიდან კი გორისა და ცხინვალისკენ ჰასწია. მაგრამ, მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, მათი აღება ვერ შეძლეს და შერცხვენილნი უკუიქცნენ. ლამისყანასთან კი იოანე ბატონიშვილი ჩაუსაფრდა მომხდურებს მცირე გუნდით და უამრავ სპარსს მიუჩინა იქ სამუდამო განსასვენებელი.

თავად ქალბ-ალი ხანი მეფის შესაპყრობად არაგვის ხეობას აუყვა. ჟინვალთან მის რაზმს 300 ხევსური და 200 მუსლიმი გადაუდგა შამშადილოელი ალი სულთნის მეთაურობით.
შამშადილოელებს ცხვარი ჰყოლოდათ გადმორეკილი ზაფხულის საძოვრებზე და როცა ქვეყანას გაუჭირდა, მეფე ერეკლეს დასაცავად, კომბლებითა და ხანჯლებით შეიარაღებულებმა, ხევსურებთან ერთად გადაუღობეს გზა სპარსელებს და ისე დაიფრინეს, კუდით ქვა ასროლინეს.
ამ დამარცხებებმა ირანის შაჰს კრწანისში გამარჯვებით გამოწვეული სიხარული გაუნელა და საქართველო უკანმოუხედავად დატოვა.
***
1520 წელს ოსმალთა დიდი მხედრობა შემოიჭრა საქართველოში — ტახტზე ახლად ასული სულთან სულეიმანის ბრძანებით. მათ ჯერ სამცხე მოარბიეს, მერე კი ქართლს მიადგნენ. ქართლის მეფე დავით X მაშინ კახეთში ლაშქრობდა და ამ კუთხის შემოერთებისათვის იბრძოდა. ამიტომ, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, თითქმის ყველა მეფეს ახლდა ლაშქრობაში და ქართლი დაუცველი იყო.

სამცხიდან შემოჭრილმა ოსმალებმა სამაჩაბლომდე ისე გაიარეს, რომ წინააღმდეგობა არსად შეხვდრიათ. იქ კი 15 წლის ქაიხოსრო მაჩაბელმა იმარჯვა — რომლის მამა, ბარამ მაჩაბელი, დავითს ახლდა კახეთში — და თავად გაუმართა ომი ოსმალებს.
მან დახმარება რაჭის ერისთავს სთხოვა, „რათა შემწე იყოს ოსმალზედ“, და 300 რაჭველი ქართლელთა საშველად გამოემართა.
ქაიხოსრო მაჩაბელი რაჭველთა ჯარით სისხამზე დაეცა არადეთთან მდგარ თითქმის ასჯერ აღმატებულ ოსმალთა ბანაკს. რაჭველები თავგანწირვით იბრძოდნენ და „მრავალი სული ამოწყვიტეს ოსმალნი“.
ყმაწვილი მაჩაბლის სიმამაცემ ყველა გააოგნა. მისი მეთაურობით აოტნეს ქართველებმა მრავალნი ოსმალნი და დავლაც მრავლად აიღეს. ერთხანს სდიეს კიდეც გაქცეულებს, მერმე კი, მტრის ჯარის სიდიდის გამო, თავი მიანებეს. ამასობაში კახეთიდან დაძრულმა მეფემაც მოაღწია ძირითადი ლაშქრით და ოსმალები ქართლიდან განდევნეს...
***
1583 წელს სამცხიდან ქართლში შემოჭრილ ოსმალებს სვიმონ მეფე მუხრანთან დაუხვდა და პირწმინდად გაანადგურა ისინი. ოსმალთა სარდალი, დიარბაქირის ბეგლარბეგი მეჰმედ ფაშა ხადიმი, მიხვდა, რომ ამ მარცხისათვის სულთანი ცოცხალს არ დატოვებდა და თავის გასამართლებლად განტევების ვაცს დაუწყო ძიება.
მოძებნა კიდეც — მის ბანაკში მყოფი სამცხის მთავარი, გამუსლიმანებული მანუჩარ-მუსტაფა ჯაყელი. ფაშამ მას დააბრალა ღალატი და გადაწყვიტა, ჯაყელის მოჭრილი თავი ხონთქრისთვის მიერთმია.
თურმე არ ცდებოდა ხადიმი. მიუხედავად მტრისადმი გამოხატული მორჩილებისა და სარწმუნოების შეცვლისა, სამცხის მთავარი ქართლის მეფეს ცნობებს აწვდიდა მტრის გადაადგილების შესახებ. ეს ნათლად გამოჩნდა მანუჩარის ოსმალთა ბანაკიდან გაქცევის შემდეგ, როცა ის პირდაპირ სვიმონ მეფეს ეახლა და მანაც მაშინვე გულში ჩაიხუტა სიკვდილს თავდახსნილი „მოღალატე“. უფრო მეტიც, დაიმოყვრა და ქალიშვილიც მიათხოვა მას.
ახლა იმაზე, თუ როგორ დააღწია თავი ოსმალთა ხელიდან მოკვდინებას მანუჩარ ჯაყელმა. იტალიელი მარტინ გოდეროს აღწერით, ხადიმს ის ოქროს ციხეში (ალთუნყალაში) მიუწვევია ვითომ სათათბიროდ. სამცხის მთავარიც 50 მესხი მეომრით მისდგომია ფაშის კარავს, მაგრამ შიგნით უიარაღო ჯაყელი შეუშვიათ მხოლოდ.
ათაბაგიც მეჰმედ ფაშას კარავში შესულა და მის პირდაპირ დამდგარა. უეცრად ზურგიდან თავდასხმა იგუმანა თურმე, მიბრუნებულა, მკვლელისთვის მოქნეული ხმალი გამოუტაცია ხელიდან და იმ ხმლით შუაზე გაუპია თავიდან ჭიპამდე.
მერე კარავში მყოფ ოსმალო სარდლებსა და ათ რჩეულ მეომარს დარევია გახელებული, და სანამ საშველად შემოსწრებული თანამებრძოლნი გაარიდებდნენ იქაურობას, მუსრი გაუვლია ყველასთვის. უფრო მეტიც, თავად ხადიმის დაჭრაც მოუსწრია.

კარვიდან გამოსულ მესხებს ერთიანად მისევიან ოსმალები და ალყაში მოუქცევიათ, მაგრამ ვერ დაუოკებიათ ისინი. ქართველებს ხმალდახმალ გაიკაფავთ გზა, ალყისთვის თავი დაუღწევიათ და სამშვიდობოს გასულან. არადა, ერთ მესხზე, სულ მცირე, ოცი ოსმალო მაინც მოდიოდა.
***
კიდევ ერთი უთანასწორო ბრძოლა 1918 წლის 7 აპრილს გაიმართა ჩაქვთან. ეს უკვე რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობის შემდგომი პერიოდია, როცა სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ.
ერთ დროს ძლევამოსილი რუსეთის იმპერია დაიშლა, რითაც სასწრაფოდ ისარგებლა თურქეთმა და საქართველოს წინააღმდეგ შეტევა დაიწყო. სამწუხაროდ, იმ დროს კავკასიაში არ არსებობდა ძალა, რომელიც თურქთა ექსპანსიას შეაჩერებდა. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდა... და ეს სასწაული მოხდა — მას ვლადიმერ გოგუაძე ერქვა.

საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთურმა ვალოდია გოგუაძემ, თავისი 80 კაცით 7 000 თურქი გაანადგურა პირწმინდად!
თურქ ასკერებთან ბრძოლის წინ ქართველმა სარდალს თავისი „მხედრებს“ (ასე ეძახდა მათ) მიმართა:
„მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება. ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე მატარებლიდან ჩავიდეს და გენერალთან დაბრუნდეს პოზიციებზე. არავის ვუსაყვედურებ. მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით!“
იმ 80 გმირი ქართველიდან ერთსაც არ მოუცვლია ფეხი ადგილიდან. ყველამ თავდაუზოგავად იბრძოლა და მხოლოდ სამი მათგანი დაიღუპა. თურქებს კი ათასი მეომარი დაეხოცათ, ერთი ამდენი დაჭრილი კი გაქცეულებმა ქობულეთში ჩაიყვანეს.

ყოველივე ამის შემდეგ, შეუძლებელია არ ვირწმუნოთ ალექსანდრე დიუმას სიტყვები, რომელიც მისთვის ერთ „სიმართლით განთქმულ რუსს“ უთქვამს.
„ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ!“