საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადახედავს

ცენტრალური ბანკი მშპ-ს ზრდაზე მიგრანტების გავლენის ეფექტს განიხილავს როგორც დროებით ფაქტორს, განაცხადა მესტვირიშვილმა
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0,5%-ით გაზრდის. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეისათვის ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს მშპ-ის ზრდა წინა წელთან შედარებით 4%-ს შეადგენს.
„10 მაისს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გვექნება და ამ დროს ჩვენ გადავხედავთ პროგნოზებს. ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იყო, ჩვენ ამ პროგნოზს გადავხედავთ და 4,5%-მდე გავზრდით“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ამასთან მესტვირიშვილმა განმარტა, რომ ცენტრალური ბანკი მშპ-ს ზრდაზე მიგრანტების გავლენის ეფექტს განიხილავს როგორც დროებით ფაქტორს, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მომავალში.
„მიგრანტების ეფექტი შეიძლება, ვადაში გაიწელოს. რაღაც პერიოდის შემდგომ ვიცით, რომ შეწყდება ეს შემოდინებები და შეიძლება, ჭარბი ლიკვიდობა, რაც ახლა გვაქვს, მისი გადინება მოხდეს. ამიტომ, ამისთვის ეკონომიკა და ფინანსური სექტორი მზად რომ იყოს, ამ თანხას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ერთჯერად შემოდინებას“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა - პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,2% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა, ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა იქნება.