საქართველო „ევროვიზიაზე“: ირუ ხეჩანოვა ლივერპულში გაემგზავრა

მომღერალი შეპირდა ფანებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს წარმატება მოუტანოს.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის მონაწილე ირუ ხეჩანოვა ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა ლივერპულში (დიდი ბრიტანეთი), სადაც წელს კონკურსი გაიმართება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დელეგაციას საზეიმო გაცილება მოუწყო.
ირუ ხეჩანოვა ლივერპულში მიემგზავრება
„სულ რამდენიმე დღეში ევროვიზიის ნახევარფინალია, შემდეგ კი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს მომღერალს ფინალშიც ვიხილავთ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის წინასწარი მონაცემები, რომელიც ამჟამად გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ.
თავად ირუ ხეჩამოვამ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს წარმატება მოუტანოს.
„მაყურებელი სცენაზე იხილავს ძალიან ძლიერ, ემოციურსა და მყარ ირუს. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ყველანაირად წარმატება მოვუტანო საქართველოს“, – განაცხადა ირუმ.
კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა. ის პირველ რეპეტიციას 2 მაისს გაივლის. ჩვენი წარმომადგენელი შეასრულებს ინგლისურენოვან კომპოზიციას Echo („ექო“).
„ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს.