თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს 10 ოლქში მიმდინარე შუალედურ და ვადამდელ არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 24,47% შეადგინა, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ამ დროისთვის, რეგისტრირებული 185.056 ამომრჩევლიდან 45.285-მა უკვე გააკეთა არჩევანი. კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.
ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.
„იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში გადატანის შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური აპარატიდან საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ამის შემდეგ, კომისიას ექნება საშუალება, ამ უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნოს წინასწარი, პირველადი შედეგები.
რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება.
„სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით. ოქმები პლანშეტის საშუალებით, საოლქო-საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკო-ში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნებს დროს“, - განაცხადა იოსელიანმა.
საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360- გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში, Youtube-სა და ვებსაიტზე განხორციელდება.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებული, რომელიც შესულია ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ეხება პროცედურულ დარღვევას.
„აღნიშნულის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს საოლქო საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.