თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომ ეს მოვლენა ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები ითამაშებს F ჯგუფში, რომელსაც იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან – სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება და ჩატარდება სამ ქვეყანაში - იაპონიაში, ფილიპინებზე და ინდონეზიაში.
რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.