დამნაშავეები და დაზარალებულები არასრულწლოვნებს შორის: ახალი მონაცემები

სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარებული იქნა 18 წლამდე 366 პირი, მათგან 168 ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 98 არასრულწლოვანი, რომელთა ძირითადი ნაწილს ბრალი ქურდობაში ედება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული პირებიდან, რომელთა ასაკიც 14-დან 18 წლამდეა, ექვსი უკვე იხდიდა პირობით სასჯელს.
მონაცემების თანახმად, 72 არასრულწლოვანს ქურდობაში ედება ბრალი, შვიდს – ყაჩაღობაში, ხუთს – სხეულის მძიმე დაზიანებაში, ცხრას – ძალადობაში, სამ – ოჯახურ ძალადობაში, შვიდს – ძარცვაში, ორს – თაღლითობაში და ერთს - ფულის გათეთრებაში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარებული იქნა 18 წლამდე 366 პირი, მათგან 168 ოჯახში ძალადობის, 46 - სექსუალური დანაშაულის, ექვსი კი გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.
კიდევ 37 ბავშვი მუქარის, 60 – ცემის, 42 – სატრანსპორტო დანაშაულის, 14 კი ქურდობის მსხვერპლად აღიარეს.
გარდა ამისა, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო ერთი ბავშვი, ხოლო 10-მა დაზიანებები მიიღო.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამარტივებულია არასრულწლოვნის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად ცნობის პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული სპეციალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლიდან იწყება. ამასთან, სასჯელი არასრულწლოვნებისთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სასჯელი.