ცესკომ რიგგარეშე და შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55.363 ამომრჩეველმა მიიღო
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი შეაჯამა.
დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები გაიმართა.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55.363 ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8% მივიდა. კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეეძლო.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად გაიმართა, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებდნენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და იქ ამომრჩევლებს არჩეული კანდიდატის ნომერი უნდა შემოეხაზათ.
ცესკოს თავმჯდომარემ 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგები წარმოადგინა. საუბარია უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:
№ 21 ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) – 1.208 ხმა (4,67 %)
№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 24.646 ხმა (95,33 %)
საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:
გურჯაანი №41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 1.347 ხმა
თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 345 ხმა
ახალციხე №41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 463 ხმა
ტყიბული №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 1.321 ხმა (86,62 %), №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) - 204 ხმა (13,38 %)
ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 5.331 ხმა
რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია:
ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 2.158 ხმა
თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 9.559 ხმა
კალანდარიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრატორს, რომლებიც „ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში“.

მედია და დამკვირვებლები

საარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 55 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ასევე, არჩევნებს აკვირდებოდა 258 პარტიის და 45.722 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს 19 მედიასაშუალების 353 ჟურნალისტი აშუქებდა.