თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „ინფო რუსთავი".
შემთხვევა რუსთავის მეშვიდე მიკრორაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაზმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა.
ახალგაზრდა არ პასუხობდა ოჯახის წევრების ზარებს, რის შემდეგაც მათ მაშველები გამოიძახეს. მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს და იქ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.