თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ოპოზიციის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას ემსახურება და არა ობიექტურობის დადგენას, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ანრი ოხანაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნაში ხელი შეუშალა. ოპოზიციამ „ქართული ოცნება" პარლამენტის ბოიკოტსა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის პასუხად დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მათი პოზიცია პრინციპულია და ამით ისინი სოლიდარობას ამჟღავნებენ ქართველი მოსამართლეების მიმართ, ანუ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერის აქტი.
„საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება არა რაიმე ობიექტურობის დადგენას ან რამე საკითხის გარკვევას, არამედ სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და ზეწოლას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ის სამართლებრივი ბერკეტები და სივრცე, რომ არ მივცეთ რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს სასამართლოში პოლიტიკის შეტანის შესაძლებლობა", – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში" დაადანაშაულა.
ოხანაშვილის თქმით, უკვე მრავალი წელია საზოგადოება აკვირდება, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს მართლმსაჯულების პოლიტიზება აქვთ განზრახული. და ეს პროცესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლისთანავე დაიწყო.
„თქვენ გახსოვთ მოწოდებები „ქართული ოცნებისადმი", რომ არცერთი მოსამართლე არ უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლო სისტემიდან 2013 წელს და შემდეგ. პირიქით, უნდა შექმნილიყო გარანტიები სასამართლო სისტემისთვის", – განაცხადა ოხანაშვილმა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა. მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ უფლება არა აქვთ ჩაერიონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მეშვეობით.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.