თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. სუდანის ლაბორატორიიდან, რომელიც სამხედრო კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ დაიკავა და სადაც საშიში ინფექციური მასალების ნიმუშები ინახება, უცოდინარმა ადამიანებმა შესაძლოა დაავადებები გაავრცელონ, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ბიუროს დირექტორმა აჰმედ ალ-მანდარიმ.
„ცნობილია, რომ ლაბორატორიაში ინახება წითელას, ქოლერისა და მულტირეზისტენტული (მრავალი მედიკამენტის მიმართ მედეგი) ტუბერკულოზის პათოგენები, ვაქცინური წარმოშობის პოლიოვირუსი და სხვა საშიში მასალები. ჯანმო შიშობს, რომ საკითხში გაუცნობიერებელმა ადამიანებმა შეიძლება არასწორად გამოიყენონ ეს ინფექციური ნიმუშები, რითაც თავადაც დაინფიცირდებიან და სხვებსაც დააინფიცირებენ“, — განაცხადა ალ-მანდარიმ.
მისი თქმით, მიუხედავად სუდანში ცეცხლის დროებით შეწყვეტისა, ხართუმის საავადმყოფოებისა და ცენტრალური ლაბორატორიის აღების შემდეგ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაძლიერდა. ამის გამო პაციენტებს არ აქვთ წვდომა ძირითად სამედიცინო სერვისებზე და ასევე შეჩერებულია „კრიტიკული ლაბორატორიული ნიმუშების“ ტესტირება.
ჯანმოს წარმომადგენელი დაჟინებით მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ არა მარტო ლაბორატორია, არამედ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რათა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების“ შესრულება კვლავაც შესაძლებელი გახდეს.
სახელმწიფო ლაბორატორია სუდანში, სადაც ქვეყნის ოფიციალურ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს, 25 აპრილს დაიკავა კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ. ჯანმომ ამის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გაავრცელა.
წყარო: WHO