ფილტვის კიბოს ადრეული ნიშნები ხელებსა და სახეზე ჩნდება: ბრიტანული კვლევა

Sputnik
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. ორგანიზმში ფილტვის კიბოს განვითარების ადრეული ნიშნები თითებსა და ფრჩხილებზე აისახება და სწორედ მათი მეშვეობითაა შესაძლებელი დაავადების საწყის ეტაპზე დადგენა, აცხადებენ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები.
როგორც გამოცემა Express წერს, ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება. ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.
მათი თქმით, ფილტვის კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად – თითები დიდდება და სქელდება.

„ფილტვის კიბოს განსაზღვრა თითების მდგომარეობის ცვლილებითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი სიმპტომი — თითების წვერების გაფართოება, გადიდება თუ გასქელებაა“, — აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.

გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.
ექიმები ასევე გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.
მათი თქმით, გარდა ფილტვის კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციას, მანკს და ფილტვების ქრონიკულ ინფექციებს.
კიდევ ერთი ბრიტანული ორგანიზაცია Cancer Research UK-ის სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ფილტვების ონკოლოგიური დაავადების ნიშანი ასევე ვლინდება ავადმყოფის სახეზეც.
მათი თქმით, ფილტვის კიბოს შემთხვევაში ადამიანს ქვემოთ ეწევა ქუთუთო — ოღონდ მარტო ერთ თვალზე.
თუმცა, ონკოლოგების თქმით, ეს ვერ იქნება დაავადების განმსაზღვრელი ზუსტი ნიშანი, ვინაიდან ქუთუთოს ჩამოწევა შესაძლოა უბრალოდ ასაკის ბრალიც იყოს. მიუხედავად ამისა, თუ მსგავსი ცვლილება შენიშნეთ სახეზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გარდა ამისა, ფილტვის კიბოს ნიშანი ასევე შეიძლება იყოს თვალის გუგების დაპატარავებაც. საქმე ისაა, რომ ფილტვების ზედა ნაწილზე თვალებთან დაკავშირებული უამრავი ნერვული დაბოლოება მდებარეობს. ექიმების თქმით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ნაწილზე ჩნდება ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ნერვებს აწვება და, შესაბამისად, ადამიანს თვალებთან დაკავშირებული პრობლემები ეწყება.
ონკოლოგები ასახელებენ ფილტვის კიბოს კიდევ ერთ გარეგნულ ნიშანს – ეს სახის ძლიერი ოფლიანობაა, ოღონდ მარტო ცალ მხარეს. ექიმები ირწმუნებიან, რომ ასეთ შემთხვევაში სიმსივნე იმ მხარესაა, რომელიც ნაკლებად ოფლიანდება.