მსოფლიო დღეს

ბაიდენი: აშშ სხვა ქვეყნებში დაკავებულ ყველა ამერიკელს დააბრუნებს შინ

Sputnik
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. თეთრმა სახლმა პირველად გამოიყენა ეკონომიკური სანქციების ახალი ინსტრუმენტი მათ წინააღმდეგ, ვისაც აშშ-ის მოქალაქეები მძევლად ჰყავს აყვანილი, ან უკანონოდ დაკავებული, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს აშშ-ს, სანქციები დაუწესოს როგორც მთავრობებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებს, ისე ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ამერიკელების უკანონო დაკავებაში მონაწილეობენ.

„ჩვენ უკვე დავაბრუნეთ შინ ათობით ამერიკელი, <...> თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ჰყავთ უსამართლოდ დაკავებული რუსეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში. <...> დღეს და ყოველდღე მივმართავთ რუსეთს, ირანსა და მთელ მსოფლიოს: ამერიკელების მძევლად აყვანა ან უკანონოდ დაკავება დაუშვებელია — გაათავისუფლეთ ისინი დაუყოვნებლივ!“ — განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება კვლავაც ურყევად განაგრძობს ახალი მეთოდების ძიებას სხვა ქვეყნებში დაკავებული ამერიკელების დასაბრუნებლად მანამ, სანამ წარმატებას არ მიაღწევს, „რათა არ დაუშვას, რომ მსგავსი რამ სხვა ოჯახებსაც შეემთხვეთ მომავალში“.
მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურსა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (მისი სარდლობის ოთხი წარმომადგენლის ჩათვლით), რომლებსაც „არასამართლებრივად ჰყავთ დაკავებული აშშ-ის მოქალაქეები“.
ამ დროისათვის რუსეთის ციხეებში აშშ-ის ორი მოქალაქე იმყოფება შპიონაჟის ბრალდებით: The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს დააკავა უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, და ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილიანი — დაკავებულია 2020 წელს, მისჯილი აქვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.