ძაღლს, რომელმაც სამეგრელოში რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ძაღლს, რომელმაც 24 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ როზა ჯანაშიაზე დაყრდნობით.
ჯანაშიას თქმით, დაზარალებულ ადამიანებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. თუმცა ორმა უარი განაცხადა მკურნალობის სრული კურსის ჩატარებაზე, რაც ოთხი აცრის ჩატარებას მოიცავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლი, რომელიც მეთვალყურეობის მიზნით ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება.
„სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას", – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.