Sputnik-ლიეტუვას რედაქტორი მარატ კასემი ლატვიის ციხიდან ხელწერილით გაათავისუფლეს

ჟურნალისტის ადვოკატებმა კასემისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე აპელაცია ორჯერ შეიტანეს
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. Sputnik-ლიეტუვას შეფ-რედაქტორი მარატ კასემი ლატვიის ციხიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა, რამდენიმე წელია ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში „რუსეთი დღეს“ მედიაჯგუფში, რომელშიც Sputnik-ლიეტუვაც შედის. 2022 წლის 30 დეკემბერს ჟურნალისტი ლატვიაში ოჯახური მიზეზების გამო გაემგზავრა. 3 იანვარს ის ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივმა სასამართლომ მარატი დააპატიმრა და რიგის ცენტრალურ ციხეში მოათავსა.
„Sputnik-ლიეტუვას შეფ-რედაქტორი მარატ კასემი ლატვიის ციხიდან ხელწერილით გაათავისუფლეს, იუწყება ადგილობრივი Telegram-არხი. სასამართლომდე მარატი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იქნება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ჟურნალისტს ევალება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმყოფებოდეს სახლში, რეგისტრაციის ადგილზე, და კვირაში ორჯერ პოლიციის განყოფილებაში აღრიცხვაზე გამოცხადდეს.
„რუსეთი დღეს“ მედიაპორტალის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ და კასემის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს. კისელიოვის თქმით, დაკავება მოხდა „ევროპული განუკითხაობის პირობებში, როდესაც ადამიანი შეიძლება დააკავონ იმის გამო, რომ ის პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, შეხედულებების, პოზიციის გამო...“
მანამდე ჟურნალისტის ადვოკატებმა კასემისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე აპელაცია ორჯერ შეიტანეს, რადგან ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ლატვიის სასამართლომ ორივეჯერ უარყო ადვოკატების განცხადება და კასემი პატიმრობაში დატოვა.
კასემის დაცვის მხარემ ასევე განაცხადა, რომ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანს.