საუბარია ირინა ჯინჭარაძეზე. მისთვის ხელოვნების დანიშნულება ისაა, რომ ადამიანში ყველაზე ძვირფასი შეგრძნებები გამოიწვიოს, კიდევ საკუთარი ემოცია და აზრები ნამუშევრებში გადმოსცეს. სამყაროსთან ურთიერთობას სწორედ ამ გზით ახერხებს. შეიძლება ითქვას, რომ ლენტებით დაქარგული მისი სამყარო მნახველს ბედნიერებას ანიჭებს. ასევე მუშაობს თექაზე, ქსოვს ყაისნაღით და ბისერებით ქარგავს.
- ქალბატონო ირინა, რასაც ქმნით, საკმაოდ შრომატევადი ნამუშევრებია, ყველაზე რთული რომელზე მუშაობაა?
- ყველა მათგანი დიდ შრომას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. თუმცა იმის დანამდვილებით თქმა შემიძლია, რომ მათგან ყველაზე რთული თექაზე მუშაობაა. მას გაცილებით დიდი დრო სჭირდება. დღისით, მზის შუქზე მუშაობა მიყვარს, როდესაც ფერები უფრო ნათლად ჩანს. მომწონს ლენტებით ქარგვა, როცა საღებავებს – აკრილსა და აკვარელს ვიყენებ ხოლმე.
- დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ დასრულებული ნამუშევარი შეიქმნას?
- თუ რთული კომპოზიციაა, მის დასასრულებლად სამი კვირაა საჭირო. მაგალითად, „იასამნებისთვის“ ყვავილის ფურცლები სულ ცალ-ცალკე შევკერე, ბოლოს კი ფერები დავადე. როცა შერეული ტექნიკით ვაკეთებ ნამუშევარს, უფრო მრავალფეროვანი გამოდის. ამიტომ ამ გზით შექმნილ და უკვე დასრულებულ ნამუშევარს როცა ვუყურებ, თავადაც მომწონს.
- ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ და რატომ?
- ვთვლი, რომ ჩემი ყველაზე ძფირფასი და ლამაზი ნამუშევარი „გაზაფხულია“, რომელიც დაშლილი ლენტებით მოვქარგე. კიდევ მომწონს „ბაბუაწვერები“, ესეც ლამაზი გამოვიდა. როცა მას ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები, იმ დროში, რაჭაში რომ ვისვენებდი და ყვავილებით მოჩითულ მინდორზე გავდიოდი.
- შემკვეთების მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებთ თუ რჩევებსაც აძლევთ?
- მახსენდება ერთი შეკვეთა, როცა ძალიან დიდი ზომის ნაქარგი უნდოდათ და გავუკეთე. წარმოიდგინეთ, წითელი პიონები მთელ კედელზე, ეს ნამუშევარი სამნაწილიანია. უფრო დიდი ზომისაც უნდოდათ, მაგრამ ავუხსენი, რომ ამაზე დიდი ლამაზი არ იქნებოდა.
- დიდი მოწონებით სარგებლობს თქვენი ნამუშევრები სოციალურ ქსელებშიც...
- ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას, ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს, მადლობას გადავუხდი, რადგან მათი ქება სტიმულს მაძლევს საიმისოდ, რომ კიდევ ბევრი ვიმუშაო. სოციალურ ქსელებში შევქმენი ჯგუფი „ლენტებით შექმნილი ხელოვნება“, სადაც უცხოეთში მყოფი ხალხი მიკავშირდება. ზოგი იქ თავის ნამუშევარს ათავსებს, მსურველებს ამ ხელსაქმეს ვასწავლი. მიხარია, რომ ჩემი ჯგუფი ხელოვნების მოყვარულ ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს. თითქმის ყველა ჩემს მოსწავლესთან ვმეგობრობ. მიხარია, რომ მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებიც არიან.
ნინო მამულაშვილი