თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეა, მიაჩნია მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
მანამდე მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაშიც მას კონკურენციას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპიც გაუწევს.
„შესაძლოა, მე ერთადერთი არ ვიყო [ვინც ტრამპის დამარცხებას შეძლებს], მაგრამ მე კარგად ვიცნობ მას და ვიცი, რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ“, — აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, მომავალ არჩევნებში ის ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, მაშინაც კი, თუ ტრამპი საპრეზიდენტო რბოლიდან გავა — რათა ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და დიდი ხნით უზრუნველყოს აშშ-ის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება.
მანამდე ბაიდენის შტაბმა პირველი წინასაარჩევნო რეკლამა გამოუშვა, რომელშიც კაპიტოლიუმის შტურმის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობისა და სხვა პრობლემებია ასახული. რეკლამა საკაბელო ტელევიზიით იქნება ნაჩვენები არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ნევადაში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, ანუ ყველა იმ საკვანძო შტატში, რომლებიც, სავარაუდოდ, გადაწყვეტენ კიდეც 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებულის ბედს. ჯო ბაიდენმა 2020 წელს სწორედ ამ შტატებში მოიპოვა გამარჯვება.