თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია პირველ ეტაპზე 18-მეტრიანი 160 ავტობუსის შეძენას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ინიციატივის მიზანია დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
„მგზავრთა ნაკადი დედაქალაქში საგრძნობლად იზრდება. ამის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი სიტყვებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. კვლევის შედეგებით კი მაისამდე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
როგორც კალაძემ განმარტა, წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენი საერთო ბიუჯეტი, დღგ-ის გათვალისწინებით, დაახლოებით 245 მლნ ლარი იქნება. თუმცა ეს თანხა ბაზრის კვლევის შედეგად შეიძლება შეიცვალოს.
საქართველოში ახალი ტრანსპორტის შემოყვანა 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად იგეგმება. პირველი 50 ავტობუსი 2024 წლის აპრილისთვის შემოვა, დანარჩენი 110 – მომავალი წლის მეოთხე კვარტალში.
ბოლო წლებში თბილისში ავტობუსების პარკი სრულად განახლდა, ამასთან გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა – 655-დან 860-მდე.
როგორც კალაძემ ამას წინათ აღნიშნა, დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი.
მანვე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მერიას დედაქალაქში ვითარების გასაუმჯობესებლად კონკრეტული გეგმა გააჩნია.
კერძოდ, ის მოიცავს სატრანსპორტო ქსელის განახლება-სინქრონიზაციას, ავტობუსების შეცვლას, მათი რაოდენობის გაზრდას, ავტობუსების ხაზების მოწყობას, მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას, მეტროს 12 ახალი შემადგენლობის შეძენას, ტაქსების რეფორმას, ასევე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის და ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვას.