საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე გამოფენით აღნიშნეს

წელს დღესასწაულის თემაა - „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება: ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დამაჩქარებლები“.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დამოუკიდებელ საქართველოში „საქპატენტის“ მიერ გამოგონებებზე გაცემული პატენტის დამადასტურებელი პირველი დოკუმენტების გამოფენა მოეწყო, აღნიშნულია „საქპატენტის“ პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გამოფენა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს მიეძღვნა. წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის თემაა „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება: ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დამაჩქარებლები“.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოში გამოფენით აღინიშნა
„საბუთები, რომლებიც 1992-93 წლებით თარიღდება, ასახავს საინჟინრო, სამედიცინო თუ სხვა მეცნიერების დარგში ქართველი გამომგონებლების მიღწევებს, მათ შორისაა „საქპატენტის“ მიერ ქალბატონ მაია კივილაძის სახელზე გაცემული პატენტი სამედიცინო სფეროში არსებული გამოგონებისთვის, რომელიც ძალაშია 1992 წლის 4 დეკემბრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გამოფენა იმ თანამშრომლებთან ერთად გახსნა, რომლებიც ცენტრში 1992 წლიდან მუშაობენ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოში გამოფენით აღინიშნა
მათ შორის ექვსი ქალი და ერთი მამაკაცია: ლალი ჭანტურია, ქეთევან ბეგიაშვილი, მზია ჩაჩანიძე, ირინა მუღალაშვილი, ლალი ახალკაცი, ნინო ქიტიაშვილი და ირაკლი დიასამიძე.
ეს ის ღვაწლმოსილი თანამშრომლები არიან, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საპატენტო დოკუმენტების გაცემაში იღებდნენ უშუალო მონაწილეობას, აღნიშნულია განცხადებაში.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოში გამოფენით აღინიშნა
საგულისხმოა, რომ ქალი გამომგონებლების წახალისება და გაძლიერება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა 2023 წლის პრიორიტეტულ მიზნად.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად 1970 წლის 26 აპრილს დაიწყო ფუნქციონირება. 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. საქართველოში საპატენტო უწყება „საქპატენტი“ 1992 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა.