რუსეთის საგარეო უწყება ფინეთს საპასუხო ზომებით ემუქრება

Sputnik
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. სიტუაცია ფინეთში იმ ბინებთან დაკავშირებით, რომლებითაც რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი სარგებლობდა, არ მოგვარებულა, ჰელსინკის არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, მორიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსკოვს საპასუხო ზომების მიღება მოუწევს, წერს „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მანამდე ფინეთის მოწინავე გაზეთმა Helsingin Sanomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰელსინკის ცენტრში რუსული ცენტრის კუთვნილი შვიდი ბინა დალუქეს. ბინების ფართობი 36-დან 175 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს და მათი საერთო ღირებულება 1,4 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსულმა ცენტრმა აპრილის შუა რიცხვებში შეტყობინება მიიღო ფინეთის სააღსრულებლო სამსახურისგან, რომ დროებით (სამი კვირით) ეკრძალებოდათ მათ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება. ფინური მხარის განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში უნდა შეესწავლათ, ექვემდებარებოდა თუ არა ეს უძრავი ქონება დაპატიმრებას ევროკავშირის სანქციების შესაბამისად.
ჰელსინკიში რუსეთის საელჩომ ფინელ კოლეგებს ნოტა გაუგზავნა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქონება რუსეთის საკუთრებაა და მოითხოვა ახსნა, რამდენად შეესაბამებოდა სააღსრულებო სამსახურის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ამის შემდეგ მიწის ნაკვეთსა და ცენტრის შენობაზე აკრძალვა მოიხსნა, თუმცა პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის.

„რუსეთის საგარეო უწყება ფინელი მანდატურების მოქმედებას ფინეთის ხელისუფლების მორიგ ანტირუსულ გამოხდომად აფასებს. დარეგულირებაზე უარის თქმის შემთხვევაში რუსული მხარე იძულებული იქნება, მიიღოს საპასუხო ზომები“, — აღნიშნეს სამინისტროში.

ფინეთის სააღსრულებო სამსახურის ცნობით, ქვეყანაში სულ 1710 სანქცირებული მოპასუხე იმყოფება, რომელთაც დაახლოებით 244 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღდათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხეთის ქვეყნებში რუსული ქონების ჩამორთმევაზე საპასუხო ზომების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრებაზე უფლებების ჩამორთმევის ან შეზღუდვის შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე უცხოურ აქტივებზე, რომლებიც არამეგობრულ ქვეყნებთან იქნება დაკავშირებული, გარე მენეჯმენტი დაწესდება, ანუ დროებით „როსიმუშჩესტვოს“ მართვაში გადავა.