რა უშლის ხელს თბილისის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლებაში?

თბილისში 10 ათასამდეა ისეთი ავარიული სახლი, რომელიც შეკეთებას საჭიროებს ან დანგრევას ექვემდებარება.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია წარმატებით ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამას, თუმცა ამ პროცესს ხელს უშლის ზოგიერთი მაცხოვრებელი, რომელიც საცხოვრებელი ფართის გაზრდას მოითხოვს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.

„გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს. მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრ ფართობში ცხოვრობენ, თუმცა 5-20-30 კვადრატული მეტრით მეტ ფართს ითხოვენ, რისი უფლებაც არ გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი სიტუაციები ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას აფერხებს.
„მზად ვართ ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი სახლი და ავარიული შენობის ნაცვლად ახალი კორპუსი ავაშენოთ. სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, ჩვენ გადაგიყვანთ დაქირავებულ ბინაში ისე, რომ არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ. ორი წლის თავზე კი სრულიად ახალი, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ“, – მიმართა კახა კალაძემ ამგვარ ბინებში მცხოვრებთ.
ამასთან, მერმა პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტის დაწყება დააანონსა. ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსი ახალი შენობით ჩანაცვლდება.
კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე
რამდენადაც შენობაში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა, 45 ოჯახი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
აღნიშნული შენობის ნაცვლად ათსართულიანი კორპუსი აშენდება. უკვე დაწყებულია კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო, საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.