„ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები ელოდებათ?

დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ლიდერები სანქციების ქვეშ უნდა მოყვნენ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის მუშაობის პარალიზებას ახდენენ.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მოთხოვნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ლიდერების მიმართ სანქციები დაწესდეს, აბსურდულია და ლოგიკას მოკლებული, განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძემ.
უფრო ადრე დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ზაზა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სანქციების პრეტენდენტები უნდა გახდნენ, რადგან ისინი საკანონმდებლო ორგანოს პარალიზებას ახდენენ. ოპოზიციის დეპუტატების უკმაყოფილება იმითაა გამოწვეული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნაში შეუშალა ხელი.

„ეს არის ნონსენსი, ლოგიკა გაუმართავია, ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს“, – განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება კომისიის შექმნას, სარჯველაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცედურების ჩატარება შესაბამისი სტრუქტურების მოვალეობაა და არა პარლამენტის.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციის დუბლირება მოხდეს და პარლამენტი ვაქციოთ საგამოძიებო სტრუქტურად. საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს კონკრეტული წესი და არ მგონია, კრიტერიუმად გამოდგებოდეს ის, რომ თუნდაც ოპოზიცია მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მიუთითებს“, – განაცხადა მან.

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: მოსამართლეების გასამართლება ანომალიაა>>
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა. მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ უფლება არა აქვთ ჩაერიონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მეშვეობით.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
აშშ-ის ელჩს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და სახელმწიფოს შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი>>
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.