თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებული ვიზიტი ჰქონდა ბრიუსელში, და პოლიტიკურ შეხვედრებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის ასპექტში დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი წარუმატებელი იყო. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელსა და შეერთებულ შტატებში მხოლოდ სხვების დასანახად დადის, სინამდვილეში კი მას პრორუსული კურსი აქვს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდეს და ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებითაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის „ნაცმოძრაობა“, დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან მას კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიის საწარმოებლად მეტი ბერკეტი არ შერჩა.
ირაკლი კობახიძე
© photo: Sputnik / Stringer
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.