თბილისში სპორტში ჩართული მოზარდებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო

Sputnik
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისში სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ახალგაზრდები კომპლექსური სამედიცინო შემოწმების გავლას უფასოდ შეძლებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტო პროგრამის განხორციელებას იწყებს.
„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტო პროგრამა პირველ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება", – განაცხადა კალაძემ.
ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 26 აპრილიდან 5 ივნისამდე პერიოდში სამედიცინო შემოწმების გავლას შეძლებს გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი. საუბარია თბილისის გარეუბნებში – მუხიანსა და ლილოში არსებულ სპორტულ კომპლექსებზე.
კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ, აღნიშნა მერმა.
„საპილოტო პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, – განაცხადა კალაძემ.