მსოფლიო დღეს

ბოევიკებმა ბიოლაბორატორია აიღეს: საშიში დაავადებების ნიმუშები საფრთხეშია

Sputnik
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. სუდანში კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ ხართუმში მდებარე ცენტრალური სახელმწიფო ლაბორატორია დაიკავეს, სადაც საშიში დაავადებების ნიმუშები ინახება, განაცხადა სუდანში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენელმა ნიმა საიდ აბიდმა.
მისი თქმით, ლაბორატორიის პერსონალს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეცვა საშიში მასალები, რომელთა შორისაა ქოლერის, წითელისა და სხვა დაავადებების ნიმუშები.

„ეს არის მთავარი პრობლემა: ლაბორატორიის თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა. მათ არ შეეძლოთ მისულიყვნენ ლაბორატორიაში და უსაფრთხოდ შეენახათ არსებული ბიოლოგიური მასალები და ნივთიერებები“, – აღნიშნა აბიდმა.

ამასთან მან არ დააკონკრეტა, თუ რომელმა მხარემ დაიკავა ობიექტი.
სუდანში სამხედრო კონფლიქტი 15 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. კონფლიქტის მიზეზი სწრაფი რეაგირების ძალების ხელმძღვანელ მოჰამედ ჰამდან დაგალოსა და მის ყოფილ მოკავშირეს, არმიის ამჟამინდელ მთავარსარდალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს შორის უთანხმოება გახდა.
გაეროს მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში დაღუპულია 459 და დაშავებულია 4072 ადამიანი.
წყარო: Al Arabiya