საეკლესიო კალენდარი: 25 აპრილი

მართლმადიდებელი ეკლესია 25 აპრილს ღირსი ბასილი აღმსარებელის, პარიის ეპისკოპოსის; მღვდელმოწამე ზენონის, ვერონიელი ეპისკოპოსის; ღირსი ისააკ ასურის; მოწამეთა: მინასი, დავითისა და იოანესი; ღირსი ანთუსა ქალწულის; ღირსი ათანასია იღუმენიას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი

როდესაც ხატმბრძოლობის ერესი წარმოიშვა, წმიდა ბასილი მხნედ გამოვიდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად და უარი განაცხადა ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც მათ განადგურებას ითვალისწინებდა. წმიდა ეპისკოპოსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ერეტიკოსებთან და თავის ეპარქიაში არ უშვებდა მათ. სარწმუნოების ერთგულებისთვის მან მრავალი დევნა, შიმშილი, სიღატაკე დაითმინა და სიცოცხლის ბოლომდე წმიდად იცავდა მართლმადიდებელ დოგმატებს.

ზენონი, ვერონიელი ეპისკოპოსი

ზენონ ვერონელი წარმოშობით ბერძენი იყო და სირიაში ცხოვრობდა. სიყრმეშივე ბერად აღკვეცილი წმიდანი მონასტრების მოლოცვის შემდეგ ვერონაში ჩავიდა. სათნო ცხოვრებისათვის ვერონელებმა იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. მაშინდელი იმპერატორები, კონსტანცი (353-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მიერ დაგმობილ აროზის ერესს. წმიდა ზენონმა მრავალი შევიწროება გადაიტანა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში წმიდა ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლე და დარიგება. გარდაიცვალა დაახლ. 360 წელს.

ისააკ ასური

ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა. ერთ-ერთმა მნათემ წმიდა ისააკს პირმოთნე უწოდა და სილა გააწნა. ღვთის რისხვა მეყვსეულად დაატყდა თავს ამპარტავან მნათეს - ბოროტმა სულმა დასცა და აყვირდა: „ისააკი განდევნის“. როგორც კი ღირსი ისააკი დაიხარა იატაკზე დამხობილი შეპყრობილისაკენ, უწმინდურმა სულმა მსწრაფლ დატოვა გვემული.
საეკლესიო კალენდარი: 24 აპრილი
მომხდარი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. წმიდანთან ხალხი მოდიოდა, სთავაზობდა დახმარებას და ფულს მონასტრის მოსაწყობად. თავმდაბალმა ბერმა ყველაფერზე უარი განაცხადა, ქალაქიდან გავიდა და განმარტოებულ ადგილას კელია აიშენა. მოღვაწის ირგვლივ მოწაფეები შეიკრიბნენ და მონასტერი დააარსეს. როცა მოწაფეები ეკითხებოდნენ, რატომ არ მიიღე შემოწირულობებიო, ღირსი ისააკი პასუხობდა: „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკი წინასწარხედვით მადლითაც იყო დაჯილდოებული.

მოწამენი: მინა, დავით და იოანე

ღირსი მოწამენი მინა, დავითი და იოანე (+636 წ. შემდეგ) პალესტინაში მოღვაწეობდნენ. წმიდანები მოწამეობრივად აღესრულნენ - არაბებმა, რომლებმაც 636 წელს აიღეს იერუსალიმი, ისინი ისრებით განგმირეს.

ანთუსა ქალწული

ანთუსა ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ასული იყო პირველი ქორწინებიდან. ის და მისი ძმა, მომავალი იმპერატორი ლეონ ხაზარი (775-780) ტყუპისცალები იყვნენ და დაიბადნენ 750 წლის 25 იანვარს. დედოფალს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. კონსტანტინე კოპრონიმმა გადასახლებიდან დააბრუნა ღირსი იღუმენია ანთუსა და სთხოვა ელოცა. ღირსმა ანთუსამ იწინასწარმეტყველა ტყუპების შობა და მათი მომავალი. ქალიშვილს ღირსი დედის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს. როცა ანთუსა გაიზარდა, იმპერატორმა გათხოვება ურჩია, მაგრამ წმიდანი მტკიცედ აღუდგა მამის სურვილს. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მან მთელი თავისი სიმდიდრე ღარიბებს და ობლებს დაურიგა. ლეონ ხაზარის მეუღლე, კეთილმსახური დედოფალი ირინე (780-802) სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა წმიდა ანთუსას და თანამმართველადაც მიიწვია, მაგრამ წმიდა ანთუსას მიწიერი პატივი არ იზიდავდა. სასახლეში მდიდრული სამოსის ქვეშ ძაძას ატარებდა.
საეკლესიო კალენდარი: 23 აპრილი
წმიდა ანთუსა მონაზვნად აღკვეცა წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806). ღირსმა დედამ კონსტანტინეპოლში მკაცრი წესდებით ცნობილი ომონიის მონასტერი დააარსა. იღუმენია თავად იყო მაგალითი სხვებისთვის - ასრულებდა ყველაზე მძიმე დავალებებს, ალაგებდა ეკლესიას, მოჰქონდა წყალი, ტრაპეზზე დებს ემსახურებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ აუცილებლობის გარეშე არავინ გასულიყო მონასტრიდან. თავმდაბალმა და მორჩილმა მოღვაწემ 52 წელი იცხოვრა და მშვიდობით მიისვენა 801 წელს.

ღირსი ათანასია იღუმენია

ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
როცა წმიდა ათანასიას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, მშობლების თხოვნით გათხოვდა, მაგრამ ჯვრისწერიდან თექვსმეტი დღის შემდეგ მისი მეუღლე ომში წაიყვანეს და დაიღუპა.
დაქვრივებულმა ათანასიამ გადაწყვიტა დიდი ხნის სურვილის განხორციელება, მაგრამ ამ დროს გამოვიდა იმპერატორ მიხეილის ბრძანება (820-829), რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქვრივები მეომრებზე უნდა გათხოვილიყვნენ. წმიდა ათანასია იძულებული გახდა გათხოვილიყო. ქორწინებაში იგი ღვთისმოსავად და კეთილად ცხოვრობდა:
მისი გავლენით ქმარი მონასტერში წავიდა და წმიდა ათანასიასაც უფლება მისცა, მონაზვნად აღკვეცილიყო.
წმიდანმა დაარიგა ქონება და სხვა ღვთისმოშიშ ქალებთან ერთად მყუდრო ადგილას განმარტოვდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, დების თხოვნით, წმიდა ათანასია გახდა ამ მცირე თემის იღუმენია. ის იყო მაგალითის მომცემი სხვა მონაზვნებისთვის. ღირსმა დედამ ოთხი წელი გაატარა ამ სავანეში.
ღირსი დედა ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მასთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად. შემოწირულობებით წმიდა ათანასიამ ააშენა სამი ეკლესია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა.
საეკლესიო კალენდარი: 22 აპრილი
პატივისა და დიდებისაგან განსარიდებლად წმიდა ათანასია ორ სულიერ დასთან, მარიამთან და ევპრაქსიასთან ერთად მალულად წავიდა კონსტანტინეპოლში და შვიდი წელი ცხოვრობდა ერთ-ერთ მონასტერში უბრალო მონაზვნის ცხოვრებით.
მისმა წმიდა ცხოვრებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. ეგინის მონასტრის დებმა გაიგეს, თუ სად იმყოფებოდა იღუმენია და სთხოვეს, დაბრუნებულიყო. ღვთის განგებულებას დამორჩილებული წმიდანი მონასტერში დაბრუნდა. მალე იგი ღირს იქმნა ღვთაებრივი გამოცხადებისა: ორმა ნათლითმოსილმა არსებამ მიართვა ქარტა, რომელზეც ეწერა: „აი, შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდენ“.
უკანასკნელი ოცი დღე ღირსმა ათანასიამ შეუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ დები მოიხმო, უთხრა, რომ მხოლოდ ცხრამეტი ფსალმუნის წაკითხვა შეძლო და სთხოვა, ფსალმუნთა კითხვა ეკლესიაში დაესრულებინათ. დებმა შეასრულეს იღუმენიას სურვილი და დაბრუნდნენ. წმიდა ათანასიამ აკურთხა დები, სთხოვა, ღირსეულად აღენიშნათ მიძინების დღესასწაული, მოეწყოთ ტრაპეზი ღარიბებისთვის, საღვთო ლიტურღიის შემდეგ კი დაემარხათ მისი ნეშტი. ამ სიტყვებით ღირსმა ათანასიამ ღვთივ მიისვენა (+14 აგვისტო, 860 წ).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით