ეს ცოტა არაბუნებრივიც კია. ისინი, პრინციპში, სხვანაირად არიან მოწყობილი. მამის ინსტინქტი — ეს მითია; ყოველ შემთხვევაში, ამ ინსტინქტით არ იბადებიან. მამებს ბავშვები სოციალური სიყვარულით უყვართ: ისინი ეჩვევიან იმ ბავშვებს, რომლებთანაც მეტ დროს ატარებენ, რომლებზეც ზრუნავენ, თუნდაც — იძულებით. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც.
კარგი მამა — ეს ყოველთვის ქალის ქცევის სწორი სტრატეგიის ნაყოფია. გათხოვება და შვილის გაჩენა — ფოკუსი არ არის. ყველაზე ძნელი და მნიშვნელოვანი ქმრისგან მზრუნველი მამის ჩამოყალიბებაა.
ყველაფრის დაწყება კი დაორსულებამდეა საჭირო. უნდა გაარკვიოთ, უნდა თუ არა თქვენს პარტნიორს ბავშვი და მზად არის თუ არა ყველაფრისთვის, რაც ამას უკავშირდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მას მოთხოვნები წაუყენოთ, გაიყოთ ორმა პასუხისმგებლობა და ზრუნვა მასზე. ხოლო თუ გაარკვიეთ, რომ ის მზად არ არის, ან უნდა გადადოთ ბავშვის გაჩენა, ან მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყოლიოთ შვილი.
მართალია, საუბრის თემა მამაკაცი და მისი მამობაა, მაგრამ, მაინც, ქალის გარეშე ამ საკითხზე საუბარი არ გამოდის, ყველაფერი მაინც ქალზეა დამოკიდებული — ეს უნდა ვაღიაროთ.
გაიხსენეთ რა რჩევას იძლეოდა დოქტორი სპოკი — როგორც კი სამშობიარო სახლიდან გამოხვალთ, ბავშვი მამას გადაეცით, თავად კი სილამაზის სალონში მანიკიურის გასაკეთებლად წადით. უტრირებულია, მაგრამ გასაგებია და ეს აზრი სწორია.
მაშ ასე, რა შეცდომებს უშვებენ ქალები მამაკაცების მიმართ ბავშვის გაჩენის შემდეგ.
ხშირად მამებს ბავშვის საწოლთან არ უშვებენ, რადგან „ყველაფერი სტერილური უნდა იყოს"; ან ხელიდან ართმევენ ბავშვს და ეუბნებიან — „არ დაგივარდეს". ან ეუბნებიან „მე თვითონ", როდესაც ღამით ბავშვი იღვიძებს. შემდეგ შეიძლება გამოჩდეს ქალი–სიდედრი და თავდაცვა ორმაგდება. ზოგიერთ ოჯახში ჩნდება ძიძა. ამგვარად, ბავშვსა და მამას შორის დისტანცია და გაუცხოება ჩნდება. მიჩნეულია, რომ წლამდე და ხანდახან სამ წლამდეც მამა საქმიანობაში არ გამოგადგება. მას მხოლოდ პამპერსებზე თუ გაგზავნი და ძილის წინ პატარას თუ მოეფერება.
ამ დროს მომენტი უკვე გაშვებულია ხელიდან.
ხშირად მამები ამბობენ: „რა უნდა გავაკეთო ამასთან? პატარაა, ლაპარაკი არ იცის". მათთვის მოსაწყენია და ხანდახან ეშინიათ კიდეც ბავშვთან 1-2 საათის გატარება. ლევ ტოლსტოის ქალიშვილები იგონებდნენ, რომ მამამ მათთან ურთიერთობა 20 წლის შემდეგ დაიწყო. ასე რომ, თუ თქვენი ქმარი ტოლსტოი არ არის, მისგან კარგი მამის „გამოძერწვა" შეიძლება.
ახლა რჩევები: თუ ბავშვი არ იძინებს, ნორმალური, მოსიყვარულე მამაკაცი აუცილებლად მივა ბავშვთან, რა თქმა უნდა, თუ ქალი არ შეაჩერებს მას.
არასდროს თქვათ უარი შემოთავაზებულ დახმარებაზე, ხოლო თუ დახმარებას არ გთავაზობენ, თვითონ დაიხმარეთ ის ბავშვის მოვლაში. საჭიროა, რომ დროდადრო საფენის გამომცვლელი მამის გარდა არავინ იყოს; ან ვინ უნდა დაბანოს ბავშვი? იმ მომენტში არავის სცალია მამის გარდა…
ბავშვის გასეირნება წმინდათაწმინდა საქმეა — „ვახშამს ვამზადებ, გაისეირნეთ, 2 საათში გელოდებით".
მოკლედ, ბავშვის ჩაცმა, გახდა, დაძინება — ეს ყველაფერი ერთად ან მორიგეობით უნდა გააკეთოთ. რაც შეიძლება მალე დააწესეთ ოჯახში ბავშვის მოვლის რიტუალები მამის მონაწილეობით. რაღაც ვალდებულებები მხოლოდ მამას უნდა დაეკისროს.
გარდა ამისა, სხვადასხვა მიზეზით (სასწრაფოდ ექიმთან უნდა წავიდე, უნდა დავისვენო…) ხანდახან ბავშვი მამასთან მარტო დატოვეთ — დაე, მიეჩვიოს. ამაში არ არის ეგოისტობა და თავქარიანობა, გახსოვდეთ, რომ შვილის მამის გაზრდით გადაარჩენთ ოჯახს და თქვენს საერთო მომავალს. მხოლოდ ბავშვის მოვლაში თავისი დროისა და ძალის „ჩადებით", მასთან სეირნობით, საფენების გამოცვლით, ბანაობით, ღამე „მორიგეობით" შეუძლია მამაკაცს მიეჩვიოს და შეუყვარდეს შვილი (და არა მხოლოდ თავისი).
დღევანდელი მამების ბავშვობამ, უმეტეს შემთხვევებში, უმამოდ ჩაიარა. ისინი არ მონაწილეობდნენ ბავშვების ცხოვრებაში და ახლა რეალურად უმწეო მამაკაცები არიან, რომლებმაც არ იციან როგორ აჭამონ, ჩააცვან ბავშვს, დასვან ქოთანზე… საერთოდ არ იციან, რომ ამის გაკეთება მამაკაცსაც შეუძლია ოჯახში.
აბსოლუტურად სულელური და მიუღებელია პოზიცია: „ოჯახში ფული შემომაქვს და ესაა ჩემი წვლილი", „ვმუშაობ, ვიღლები და თქვენი თავი არ მაქვს"… მამა არა მხოლოდ ფულის შემომტანი უნდა იყოს ოჯახში, არამედ აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ბავშვის მოვლაში, აღზრდაში, ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასთან, დაინტერესდეს მისი ცხოვრებით.
მხოლოდ ასე იზრდებიან ჯანმრთელი, თავდაჯერებული ადამიანები და არა ნევროზიანი და კომპლექსებით სავსე ადამიანები.
ყველაზე ცუდია (და ყველაზე გავრცელებული), როდესაც მამაკაცი ცუდი გამომძიებლის როლს ირგებს. ამ დროს ის, ჩვეულებრივ, ელემენტარულ პროვოკაციას ეგება: „წადი, მიხედე, მე უკვე აღარ შემიძლია". შემთხვევების 99%-ში ეს ნიშნავს, რომ ის ყვირილს დაიწყებს ან ქამარს სტაცებს ხელს იმის ნაცვლად, რომ მშვიდად მიმართოს ბავშვს: „რა მოხდა?"
ამ დროს დამნაშავეა დედაც, რომელიც მამას ხშირად იყენებს მუქარისთვის „მამაშენს ვეტყვი", და მამაც, რომლისთვისაც უფრო ადვილია რიტუალურად აღშფოთდეს, ვიდრე პრინციპულად შეცვალოს დამოკიდებულება შვილისადმი და ოჯახში ურთიერთობები სისტემურად გარდაქმნას.
მამებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა — ეჭვიანობა. ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს ნამდვილი საშინელებაა, როდესაც მთელი ყურადღება ბავშვზე გადადის. ამ დროს, არიან რა ინფანტილური, ისინი საოცრად ეწამებიან და ეჭვიანობენ. და აგრესიაც ბავშვების მიმართ უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეჭვიანობის გამო იწყება.
ბავშვისადმი დამოკიდებულებაში მამაკაცის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ ისინი ქალებზე უფრო ამბიციურები არიან და შვილებს მუდმივად თავისი დიდი იმედებით ტვირთავენ. სულ ეჩვენებათ, რომ მათი შვილი საკმარისად წარმატებული არ არის. ეს კი, როგორც წესი, ყალიბდება ბავშვების ნევროზში — „მოლოდინი არ გაამართლა". ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც შვილი აგრძელებს სწავლას იქ, სადაც მამამ გადაწყვიტა, სადაც თვითონ უნდოდა ოდესღაც სწავლა…
დედებს სწავლა ისე არ აღელვებთ, როგორც ბავშვის ჯანმრთელობა. მამები კი ამ მხრივ ძალზე ამბიციურები არიან; ასევე კონტროლის საკითხში, განსაკუთრებით გოგონების მიმართ — ხშირად არიან აგრესიული, თავისუფლების შეზღუდვას მკაცრად ცდილობენ და არა იმდენად უსიამოვნებებისგან დაცვის მიზნით, არამედ უფრო შიშისა და კვლავ — ეჭვიანობის გამო.
რაც შეეხება განქორწინებულ მამაკაცებს. არის მამაკაცების კატეგორია, რომელიც მიდის სხვა ქალთან, ქმნის ოჯახს, ხოლო „წინა ოჯახი" სრულებით ავიწყდება. ასეთი მამაკაცები ცოტანი არ არიან. ამას კვლავ მივყავართ მამობრივი გრძნობის სოციალურ ბუნებასთან — „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება".
მათ კი, ვისაც განქორწინების შემდეგ ბავშვებთან კავშირი შენარჩუნებული აქვს, ორი შეცდომა ახასიათებთ. პირველი: შვილთან შეხვედრისას „მასწავლებლის ფუნქციას" იღებენ თავზე და მთელ ურთიერთობას სწავლაზე, შეფასებებზე, გაკვეთილებზე და ა.შ. საუბარს ანდომებენ. მეორეა „საკვირაო მამების" უწყვეტი დღესასწაული — კინოთეატრი–კაფე–ზოოპარკი–კარუსელი–პიცერია და ასე უსასრულოდ.
ამ დროს ბავშვს ჰაერივით სჭირდება ნორმალური ადამიანური ურთიერთობები, რომ მამამ ჰკითხოს, რა აღელვებს, იგრძნოს მისი განწყობა, მდგომარეობა, დაინტერესდეს მისი ურთიერთობებით მეგობრებთან, საწინააღმდეგო სქესთან და ა.შ.
და, ბოლოს, რჩევები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს:
ნუ მოიყვანთ ცოლს ან უარი თქვით შვილის გაჩენაზე, თუ მამობის მოთხოვნილება არ გაქვთ. თქვენ მზად უნდა იყოთ, უნდა გინდოდეთ და, რაც მთავარია, ამის ძალა და დრო უნდა გქონდეთ;
განავითარეთ თქვენი ემოციურობა, ისწავლეთ სიყვარულის „აღებ-მიცემობა", ისწავლეთ გრძნობების შეგრძნება და გამოხატვა;
თუ გინდათ, რომ ბავშვებთან ნამდვილი, ახლო, სანდო ურთიერთობები გქონდეთ, ნუ დაელოდებით, რომ შვილი 15 წლის გახდეს — აბანავეთ, იზრუნეთ, აჭამეთ მას ბოთლითა თუ კოვზით, ადექით ღამით და ისეირნეთ დღისით, იყავით მის გვერდით არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ სულიერად და ფიქრებით;
ისწავლეთ ერთი შეხედვით „უაზრო" საბავშვო თამაშებით თამაში;
ნუ დატვირთავთ ბავშვებს თქვენი მოლოდინებით, ნუ გაზრდით ფრიადოსნებს, კოსმონავტებს, ბილ გეიტსებს… მიიღეთ ისინი ისეთი, როგორიც არიან…
თუ ვინმეს ჰყავდა მამა, რომელსაც ეს ყველაფერი შეეძლო, ხომ ხართ მისი მადლიერი? ხოლო ვისაც არ ჰყავდა — ხომ გინდათ, რომ თქვენს შვილს ჰყავდეს ასეთი „სუპერ მამა"?
სტატია მომზადებულია მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებზე დაყრდნობით