თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. სუდანში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხ ასეულს გადააჭარბა, იუწყება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
ჯანმოს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სუდანში 420 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3700 დაშავდა.
ამასთან ორგანიზაცია განმარტავს, რომ პარამედიკოსებს, ექიმებსა და ექთნებს ხშირად არ აქვთ საშუალება, მიაღწიონ დაჭრილ მშვიდობიან მოქალაქეებამდე სასწრაფო დახმარების მანქანებზე და სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმების გამო.
როგორც სუდანის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, ამ დროისათვის ოცი საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენ 12-ში მედპერსონალისა და სამედიცინო მასალების უკმარისობაა.
სუდანში სამხედრო კონფლიქტი 15 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. კონფლიქტის მიზეზი სწრაფი რეაგირების ძალების ხელმძღვანელ მოჰამედ ჰამდან დაგალოსა და მის ყოფილ მოკავშირეს, არმიის ამჟამინდელ მთავარსარდალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს შორის უთანხმოება გახდა.
წყარო: WHO