როგორია ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მკურნალი ექიმის პასუხი

23 წლის მანძილზე არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება პატრიარქისთვის, განაცხადა ექიმმა
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.
კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია წინა დღეს უარყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა შარტავამ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, 23 წლის განმავლობაში პატრიარქთან სასწრაფო დახმარების გამოძახება არც ერთხელ არ დასჭირვებიათ.
„სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე“, - განაცხადა შარტავამ.
4 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.