თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ოპოზიციის აქციები ერთ მიზანს ემსახურება - რევოლუციის დაწყებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ხმის მისაცემად საჭირო რეგისტრაციის გავლაზე და სამჯერ ჩაშალა კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე, რომელსაც სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის ფაქტები უნდა გამოეძია, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციების დაწყების მოწოდებით გამოვიდა.
„როდესაც აქციას სათავეში უდგას ადამიანი, რომელსაც სხვა აზრი და მიზანი არ აქვს, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარება და ამ პროცესში ადამიანის ჩართვისთვის საგანგებო ფორმატებს ქმნის, ამას არა თუ არ უნდა მივესალმოთ, საზოგადოებამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმის შედეგად უკვე სამჯერ ჩაშალა კენჭისყრა კომისიის შექმნის საკითხზე.
რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის დასაწყებად საჭიროა, რომ რეგისტრაცია მინიმუმ 76-მა დეპუტატმა გაიაროს, შესაბამისად, მმართველი პარტიის გარეშე ეს პროცედურა ვერ შედგება. ოპოზიციას ჰყოფნის ხმები მხოლოდ კომისიის შესაქმნელად - ამას მინიმუმ 50 ხმა სჭირდება, მაგრამ აქამდე საქმე ვერ მივიდა.
მოსამართლეების საკითხი
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.