თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტმა ილია დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სუდანში, სადაც შეირაღებული კონფლიქტი გრძელდება, სხვადასხვა ინფორმაციით, 40-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან. მათი ქვეყნიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
„სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ მათი დროულად გამოყვანის შესაძლებლობა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა
მინისტრის თქმით, უწყების თანამშრომლები ასევე ცდილობენ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების აღმოჩენას.
ვითარება სუდანში.
© AFP 2024
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტის, შალვა კიკნაძის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის დასაწყებად შესაბამისი უწყებების დასტურია საჭირო.
„შეიძლება ითქვას, რომ თითქმის შეწყვეტილია ცეცხლი. ჩვენებს რომ ვესაუბრებით, გვეუბნებიან, რომ ალბათ შეიძლება უკვე გარეთ გასვლა. ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ვრისკავთ, სანამ არ გვექნება დასტური საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გაეროდან და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან, რომ უკვე შესაძლებელია ხალხის ევაკუაციის დაწყება“, - განაცხადა კიკნაძემ.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 185 და დაშავდა 1,8 ათასი ადამიანი.
სუდანში კონფლიქტის მიზეზი
დღევანდელმა მოწინააღმდეგეებმა 2019 წელს ერთიანი ძალებით დაამხეს ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საჯარისო სტრუქტურების ხელმძღვანელობა დათანხმდა გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე. თუმცა, ამ დრომდე ქვეყანაში ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლების ხელში არ გადასულა.
სუდანის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის“ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სუდანში გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო.
ვითარება სუდანში
© AFP 2024
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელმოწერის გადადების მიზეზი გახდა წინააღმდეგობები არმიასა (რომელსაც აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ხელმძღვანელობს) და სწრაფი რეაგირების ძალების გასამხედროებულ ქვედანაყოფებს შორის, რომელთა სათავეში დგას მუჰამედ დაგლო.
უთანხმოება უმაღლესი რანგის ოფიცრებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს მის დამხობამდე, შეიარაღებული ძალების რიგებში სპეცდანიშნულების რაზმის ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება. შეთანხმების ხელმოწერამდე მიმდინარე მსჯელობაში ეს ყველაზე საკამათო საკითხი აღმოჩნდა.
სუდანის არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან უარი თქვა მათთან მოლაპარაკებაზე და დაადანაშაულა ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში.