„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს პატიმრობა შეეფარდა

მალხაზ პაქსაშვილის დაკავების შესახებ სუსმა 22 აპრილს განაცხადა
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
მალხაზ პაქსაშვილის დაკავების შესახებ სუსმა 22 აპრილს განაცხადა.
როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ვინაიდან მისი მხრიდან არსებობდა დამალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე, გამოძიებისთვის ხელისშეშლის საფრთხე.

„ის, ამ ეტაპზე, ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. რამდენიმე წელია ის იმყოფება საქართველოში და მას შემდეგ, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში" და მონაწილეობდა მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ოპერაციებში, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება - საუბარია მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე - ვიდეოჩანაწერზე“, - განაცხადა სილაგაძემ.

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, დადგენილია, რომ მას კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.