ვოლსკი: ამ 11 წელიწადში საქართველოში საომარი მოქმედებები არ ყოფილა

Sputnik
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ შეძლო ისე გაევლო ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი, რომ მის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები არ ყოფილა, ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარტიის 11-წლიანი საქმიანობა.

„ცეცხლის ალით გარშემორტყმული საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას და მიუხედავად ძალიან სერიოზული და გააფთრებული გამოწვევებისა, საქართველომ დღემდე შეძლო ისე მოეყვანა თავის ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე არ ყოფილა“, — აღნიშნა ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამასთან ვიცე-სპიკერმა იმ სირთულეებსაც გაუსვა ხაზი, რომლებიც მმართველ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლისას დახვდა.
მისი თქმით, მთავარი სირთულეები, ერთი მხრივ, იყო მცირე დანაშაულებზეც კი ზღვარგადასული სისასტიკით დასჯილი უამრავი ადამიანი, „რომლებმაც დაკარგეს ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ქონება“, მეორე მხრივ, „უშველებელი, დიდი არმია ადამიანებისა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ“.
„ვერ ვიტყვით, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან სიღარიბის ზღვარზე იყო“, — აღნიშნა ვოლსკიმ.
დღეს საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა. „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში, ოთხ პარტიასთან კოალიციაში, არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა.