რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ უამრავმა ქართველმა გენერალმა მოაშურა სამშობლოს, რათა თავიანთი უნარი და გამოცდილება საკუთარი ხალხისთვის მოეხმარებინათ. მათ შორის იყო გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილიც.
კახეთის წარჩინებულ ფეოდალთა გვარის წარმომადგენელი აბელ მაყაშვილი იყალთოს მკვიდრი იყო. კადეტთა კორპუსში აღზრდილმა, უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ სამსახური ახალციხეში დაიწყო. შემდეგ იყო ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი...
პირველ მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტის წინა ხაზიდან ფეხი არ მოუცვლია და სიმამაცე–გამჭრიახობით ყველასთვის დაუმახსოვრებია თავი.
პოზიციურ ბრძოლებში შეუდარებელი სარდალი ყოფილა მაყაშვილი. სანგარში მდგარი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, რაც ძალას მატებდა ჯარისკაცებს და უდიდეს სტიმულსაც აძლევდა. ამიტომაც შეარქვეს „სანგრის გენერალი“.
1918 წლის დასაწყისში საქართველოში დაბრუნებულ გენერალ-მაიორს უმძიმესი ვითარება დახვდა. თუმცა, ქვეყანაში არსებულ არაერთ ცხელ წერტილს შორის (აფხაზეთი, შიდა ქართლი, აჭარა) სირთულით მაინც მესხეთ-ჯავახეთის რეგიონი გამოირჩეოდა.
საქმე ის იყო, რომ რუსეთის იმპერიის დაცემამ გაათამამა ოსმალეთი და ამიერკავკასიის მიტაცებაზე გადავიდა. სტამბულის აგენტურამ, თურქოფილმა მუსლიმანმა ქართველებმა, მესხეთ-ჯავახეთი დედასამშობლოს ჩამოაცილეს, თურქეთის სატელიტი სახელმწიფო შექმნეს და ყარსში თვითმარქვია მთავრობა ჩამოაყალიბეს.
აბელ მაყაშვილის ასეულმა კი ახალციხის მოსახლეობაც დაიცვა და რამდენიმე ოლქიც გაწმინდა ოსმალოებისგან, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შესაბამისად, იძულებული გახდა, ახალციხის მაზრიდან სამხედრო შენაერთები გამოეყვანა. მაშინ მაყაშვილის მეომრებმა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მანამ არ მოიცვალეს ფეხი ახალციხიდან, სანამ უკანასკნელმა ადგილობრივმა არ დატოვა ქალაქი.
არადა, თურქი ასკერები და მოღალატე ქართველები კატეგორიულად მოითხოვდნენ, ქართულ ჯარს იარაღი დაეყარა და ისე დაეხია ბორჯომისკენ. აწყურში, თურქი ვალის შტაბში მისულ აბელ მაყაშვილს გუბერნატორმა იარაღის დაყრა კიდევ ერთხელ მოსთხოვა. შეურაცხოფილმა გენერალმა ცხელი ყავა შეასხა სახეში მას და იქაურობა დატოვა. მერე კი ისე დაიხია ბორჯომისკენ, თურქებისთვის ერთი ტყვიაც კი არ დაუტოვებია. მტერმა ვერ გაბედა მამაცი გენერლის დივიზიის განიარაღება, უპასუხოდ დატოვა მისი ურჩობა.
გენერალი მაღლაკელიძე იგონებს:
„მისი ქმედება ღირსეული კაცის გააზრებული პასუხია მოძალადის მიმართ, რომელიც ყველაზე მთავარს — საკუთარ მიწა-წყალს თავხედურად გართმევს“.
რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1918 წლის 3 დეკემბერს საქართველო-ოსმალეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით, ოსმალეთის ჯარებმა მესხეთ-ჯავახეთი დატოვეს. დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ ამ მაზრების დაკავება და იქ წესრიგის დამყარება ისევ გენერალ აბელ მაყაშვილს დაავალა.
ქართულ ჯარს ქრისტიანული ქართული მოსახლეობა ზარ-ზეიმით შეხვდა, ხოლო ოსმალების წასვლის შემდეგ იქ დარჩენილი შეიარაღებული ბანდები — ბრძოლითა და წინააღმდეგობით. აბელ მაყაშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათ ასალაგმად, ნაწილობრივ კიდეც მიაღწია მიზანს და საქმეს ბოლომდეც მიიყვანდა, რომ დასცლოდა.
საქმე ისაა, რომ გენერალს ადგილობრივ უნიათო ხელისუფლებასთან, კერძოდ, რეგიონში ჟორდანიას მთავრობის მიერ მივლენილ საგანგებო რწმუნებულ ლეო რუხაძესთან და ახალციხის მაზრის კომისარ ჰაიდარ აბაშიძესთან მოუვიდა უთანხმოება. ჟორდანიას მთავრობამ კი რუხაძე-აბაშიძის მხარე დაიჭირა და გენერალი მაყაშვილი თბილისში გაიწვია.
თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, მაყაშვილს სომხეთ-საქართველოს ომის გადატანა და ჯავახეთის კბილებით დაცვა მოუხდა.
1918 წლის 5 დეკემბერს სომხური შენაერთები ქართულ სასაზღვრო ნაწილებს დაესხნენ თავს და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. ახალქალაქში მყოფმა სარდალმა, გენერალმა მაყაშვილმა გადაწყვიტა მშვიდობიანად მოეგვარებინა კონფლიქტი და თავდამსხმელებს მოუწოდა, გათენებამდე ყველა სომეხ ჯარისკაცს დაეტოვებინა ჯავახეთის მიწა. წინააღმდეგ შემთხვევაში აბელ მაყაშვილი მათ სასტიკად დასჯით ემუქრებოდა.
სომხეთის არმიის ოფიცერმა მასხრად აიგდო ქართველი გენერალი – ეგ არის, დაგიჯერე, რაღა! მე ჩემი მთავრობის ბრძანება მაქვს, დავიკავო ახალქალაქი და ამაში ხელს ვერავინ შემიშლისო.
და მაშინ მაყაშვილმა დანაპირები აღასრულა: ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს სომხური შენაერთები და ჯავახეთიდან განდევნეს. უფრო მეტიც, მომხდურებს იქით შეუტიეს და სომხეთის ტერიტორიაზეც გადავიდნენ. მაგრამ თბილისიდან ბრძანება მიიღო მაყაშვილმა, შეჩერდი, წინ ნუ წახვალ და ნურც სომხის ჯარს გადმოუშვებო.
ერთი სიტყვით, ინგლისელთა ჩარევით სომხეთ-საქართველოს დაახლოებით ორკვირიანი ომი დამთავრდა, მაგრამ მესხეთ-ჯავახეთის მიწაზე მშვიდობას მაინც არ დაუსადგურებია. მუსლიმი ქართველების ბანდები ქრისტიან ქართველებს აწიოკებდნენ და არბევდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით სერვერ ბეგი გამოირჩეოდა, რომელიც არც ქალს ინდობდა და არც ბავშვს.
იმ დროს, როდესაც მაყაშვილის რაზმი სომხეთის საზღვართან იდგა, სერვერ ბეგი ახალციხის მაზრაში შეიჭრა და რამდენიმე სოფელი დაიკავა. ქართველმა გენერალმა სერვერ ბეგის ბანდებს უკან დაახევინა, თუმცა მეტის მიღწევა ვერ შეძლო, რადგან ქვეყნის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. ჯარს სერიოზული პრობლემა შეექმნა სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებაში, მებრძოლებით შევსებაში. და ეს მაშინ, როცა ჯარს საპოლიციო ფუნქციების შესრულებაც უწევდა.
ამასობაში გონს მოსულმა სერვერ ბეგმა ისევ შეუტია ახლციხის მაზრას და ქართული სოფლები — უდე და არალი მიწასთან გაასწორა. ამით ისარგებლეს აბელ მაყაშვილის მტრებმა და 1919 წლის 5 თებერვალს მთავრობას გენერლის გადაყენების გადაწყვეტილება მიაღებინეს.
მოგვიანებით აბელ მაყაშვილი თბილისის კომენდატად დანიშნეს, თუმცა დიდხანს იქაც არ გააჩერეს და ბოლოს საერთოდ უსამსახუროდ დატოვეს.
1919 წლის აგვისტოში ქართველმა გენერალმა აზერბაიჯანს მიაშურა, სადაც ის პირველი ქვეითი დივიზიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წლის მარტში კი განჯის გარნიზონი ჩააბარეს...
1920 წლის 28 აპრილს ბოლშევიკურმა რუსეთმა კავკასიის გასაბჭოების ოპერაცია წამოიწყო. მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ბაქო დაიკავეს და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა ბრძოლა შეწყვიტეს. გენერალმა მაყაშვილმა საქართველოში დაბრუნება სცადა, მაგრამ აღარ დასცალდა. ის სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად ბაქოში დააპატიმრა ადგილობრივმა „ჩეკამ“ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
განაჩენის გამოტანიდან ორ დღეში, 14 ივნისს გენერალ აბელ მაყაშვილს ჩეკისტებმა ხელ-ფეხი შეუკრეს, კასპიის ზღვაში გადააგდეს და დაახრჩვეს.
ეს იყო ბარბაროსული სასჯელი, რომლის გამოც სახელოვანი გენერალი და მამულიშვილი უსამაროდ დარჩა...